geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მათემატიკის და მექანიკის განვითარებაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლის შესახებ

17 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში (თსუ გმი), გაიმართა ინსტიტუტის სპეციალური სემინარი „საქართველოში მათემატიკის და მექანიკის განვითარებაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და მონათესავე საკითხები“,  რომელიც მიეძღვნა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. სხდომას ესწრებოდნენ მეუფე დანიელი (დათუაშვილი), თსუ გმი-ს, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სსუ) თანამშრომლები, თსუ-სა და სსუ-ს სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები.

 

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ და აქედან გამომდინარე ქართულმა ეკლესიამ ფუნდამენტური და მამოძრავებელი როლი შეასრულა საქართველოში მათემატიკის, მექანიკის და საერთოდ მეცნიერების,  განვითარებაში. სასულიერო აკადემიები, სახელდობრ, გელათისა და იყალთოს აკადემიები ქვეყნის მთავარ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრებს წარმოადგენდნენ. სასულიერო პირები ბერძნულიდან თარგმნიდნენ მათემატიკისა და ფიზიკის ფუნდამენტურ თხზულებებს. საქართველოში მათემატიკის და მექანიკის სწავლება-განვითარების სათავეების ძიებას მივყავართ გელათის აკადემიასთან და იოანე პეტრიწთან. იოანე პეტრიწმა ძველი ფილოსოფოსის და მათემატიკოსის პროკლე დიადოხოსის თხზულებების თარგმნისას დაურთო ვრცელი კომენტარები, რითაც თარგმანმა სრულიად ახალი ორიგინალური ნაწარმოების სახე მიიღო.

 

გელათისა და იყალთოს აკადემიებში სწავლება ეფუძნებოდა ანტიკურ და ბიზანტიურ საგანმანათლებლო მოდელს, რომელსაც „შვიდი თავისუფალი ხელოვნება“ ეწოდებოდა. იგი ორ ციკლად იყოფოდა: ტრივიუმი (გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა) და კვადრივიუმი (არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია, მუსიკა).

სხდომაზე მოისმინეს ორი მოხსენება:

გიორგი ჯაიანი (თსუ გმი) - ქართლის მოქცევის როლი საქართველოს მექანიკისა და მათემატიკის განვითარებაში, 

გია კვაშილავა, თემურ ჩილაჩავა, გიორგი ფოჩხუა (სსუ) - პელასგი პითაგორა სამოსელი და ანტიკური მათემატიკის საწყისები. 

სხდომის დასასრულს დამსწრეთ შემაჯამებელი სიტყვით მიმართა მეუფე დანიელმა.

თარიღი: 19/06/2026